„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა და საარჩევნო კამპანია დაიწყო

  •  

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია. თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „მთაწმინდის პარკში“ მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე.

მისი თქმით, არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ეს არჩევნები სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების არჩევნები იქნება.

„გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე – სიბნელეზე; დასავლეთი – ჩრდილოეთზე. ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება – საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას. სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის!“ – აღნიშნა კობახიძემ.   

მსგავსი თემები