“ეჭვი, რომ მათ შორის ალიანსი არსებობს, კიდევ უფრო გაამძაფრა ამ “დამთხვევამ” – ირაკლი კობახიძე გახარია-სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში მოხვედრა ეჭვებს ამძაფრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორ ძალას შორის ალიანსი არსებობს.

მისი თქმით, მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია, თუ რა შეიძლება იყოს ამ კავშირის მოტივი, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ სურს.

“რეალურად, ეჭვები ყოველდღიურად მძაფრდება იმასთან დაკავშირებით, რომ არის კონკრეტული ალიანსი ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის და ეს კიდევ უფრო გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ.

მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა და გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვინდა შევიდეთ ჭორაობაში, შეიძლება იყოს მერკანტილური მოტივები, შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც.

ძალიან მარტივად, რომ გავაანალიზოთ – ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები და შემოდის თვითმმართველობის არჩევნებში. ყველამ ვიცით, რომ ორნიშნა შედეგს ის ვერ აიღებს, ის შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში 2-3 კაცი გაიყვანოს? ძალიან ნათელია, რომ ის პირდაპირ შემოდის იგივე მიზნით, რა მიზანიც აქვს ნაცმოძრაობას – “ქართული ოცნება” რამენაირად დააახლოვოს 43%-ს. ძალიან მარტივად იკვეთება აქ ინტერესები და ამ ინტერესების უკან რა შეიძლება იდგეს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინფორმაცია,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მსგავსი თემები