“ვფიქრობ, ამ შეთანხმების მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე სამი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება” – იაგო ხვიჩია

ამ დარბაზთან მე და ნიკას ურთიერთობის შესაძლებლობა გვექნება და ცხადია, ჩვენს ურთიერთობას მივხედავთ, ასე არ დავტოვებთ, ვფიქრობ, ნიკამ ეს იგულისხმა,- ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ „გირჩის” წევრებს და ალეკოს ელისაშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ “სათანადო ყურადღებას მიაქცევს”.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, „ციხიდან რაღაცები სხვანაირად ჩანს”.

„მეც ვიჯექი ციხეში „ქართული ოცნების” დამსახურებით და ციხიდან რაღაცები სხვანაირად ჩანს. თავს ვიკავებ, რომ ციხეში ნათქვამ სიტყვაზე ადამიანი გარედან გავაკრიტიკო”,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ხვიჩიას განცხადებით, ყველა პუნქტი, რომელიც მოლაპარაკების დროს ამნისტიის კანონთან დაკავშირებით განიხილებოდა, „მელიას და რურუას საკითხის მოსაგვარებლად იყო და არა შესაძლო დამნაშავე პოლიციელების დასაცავად”. მისივე თქმით, ამ კანონზე კამათი „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვაა”.

„ხვალ შერიგებისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი. ნიკა მელიასაც მოვუწოდებდი ამას, რომ მასზეა დამოკიდებული შეთანხმების ამბავი. ის თუ იქნება შეთანხმებისკენ განწყობილი, რეალური შეთანხმების მეტი შანსია. ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამოსვლა ციხიდან და ამ სიტუაციიდან, რაშიც მელიას როლიცაა, მელია იქნებოდა არა მთავარი მოჩხუბარი, არამედ შემრიგებელი.

ვფიქრობ, მთელი ეს კამათი არის ქარიშხალი ჭიქაში. ჩემი აზრით, ამ კამათის მონაწილეები იმას არ ფიქრობენ, რასაც ამბობენ. ეს ყველაფერი არის ემოციებზე თამაშის თემა, ჩვენ ყველამ ვიცით, რა იყო შეთანხმების მიზანი. ამ ყველაფრის გააზრება უნდა მოხდეს და არა სიტყვებზე გამოკიდება, სად რა წერია. სამ პოლიციელზე საუბრობდა ოპოზიცია. ვფიქრობ, ამ შეთანხმების მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე სამი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება. მესმის, რომ შეიძლება ამას რაღაც პრობლემები მოყვეს, მაგრამ ჩვენ რომ არ ვრიგდებით და ჩხუბის რეჟიმში ვართ, ბევრად უარესი შედეგი მოყვება”,- განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები