“უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში – ცალსახად არა” – მამუკა მდინარაძე

  •  

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონმდებლობა საოლქო კომისიის მუშაობაში პარტიის კანდიდატებისა და ჟურნალისტების მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

პარტიაში ასევე ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილეს, რომ ოპოზიციის აქციებზე არ ხდება კორონავირუსის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა.

“ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც საარჩევნო პროცესში შეიძლება მათ გამოამჟღავნონ, თუმცა ეს არის იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენებდით. უნდა გავაკეთო ერთი განმარტებაც – თქვენი მხრიდან ისმება კითხვა, უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში – ცალსახად არა, კანონი ამას არ ითვალისწინებს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის წარმომადგენელს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, პროცესს საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი ესწრება. 

“ამ პროცესს ესწრება საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი. მათ შორის არის ყველა პარტიის წარმომადგენელი, კომისიის წევრები არიან ყველა პოლიტიკური პარტიიდან, არიან შესაბამისი დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვს არც მედიის წარმომადგენელს და არც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს იქ ყოფნის უფლება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები