“ვერც ერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები, ვერ განვითარდება” – თორნიკე რიჟვაძე

„ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე“ – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით და ოპოზიციურ ძალებს უპასუხისმგებლოებს უწოდებს, რომლებიც ქაოსისა და არეულობის შემოტანას ცდილობენ.

„არჩევნების გამართვის დღიდან დღემდე რიგი უწყებები უმაღლესი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს არჩევნების შეჯამებას, საბოლოო ფორმალიზებას, მიუხედავად არაერთი მიზანმიმართული მცდელობისა, რომ პროცესი იყოს დესტრუქციული. ამ პროცესში რიგმა

უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა, ქაოსის და არეულობის განცდა შემოიტანონ, რა თქმა უნდა უნდა არის ღიმილისმომგვრელი. შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც როგორც სამართალდამცავებმა ასევე ცესკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა, როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანონით დადგენილ ჩარჩოებს სცდება…

დღეს განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც საღამოს მოხდა. ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტების მხრიდანაა შეტანილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოიჩინონ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, არავის არ მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიადგეს არჩვენების შედეგების შეჯამებას. უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე. მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ქვეყანაში სიმშვიდე უზრუნველვყოთ. ვერც ერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები ვერ განვითარდება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ოლქის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შენობის შუშის ფასადის ჩამსხვრევის გამო რამდენიმე ადამიანიც დაშავდა.

მსგავსი თემები