სასულიერო პირები ველოსიპედით

“კორონავირუსის” გავრცელების საფრთხიდან გამომიდნარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ზოგიერთი სასულიერო პირი ავტომანქანიდან ველოსიპედზე გადაჯდა.

„ვფიქრობ მომავალში შეზღუდვა, რომ  მოიხსნება გავაგრძელო ველოსიპედით სიარული“ – წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ავტომობილების ნაცვლად, ველოსიპედები გამოიყენონ. ამასთან დაკავშირებით, მამა ალექსანდრე სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს ავრცელებს:

„გაზაფხული, სუფთა ჰაერი, კარგი ამინდი და ველოსიპედი. მე თუ გამომივიდა, ყველას გამოუვა!
რა კარგია მშვიდი თბილისი, მანქანების გარეშე!“ – წერს დეკანოზი.

მამა ალექსანდრეს მოწოდებას, მრევლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„რა მაგარია მამაო! – ყველაფერში რომ სამაგალითო ხართ, მეამაყებით! – შემოგიერთდებით მამაო,
აღარ გვინდა მანქანები! – გავხადოთ თბილისი ველოს ქალაქი! – მე გავდივარ დღეს და იმედია, გამომივა! – ყველაფერი გამოგვივა!“- წერენ კომენტარებში.

„თუ ჩვენ გვეკუთნის ეს ქალაქი, უნდა გამოგვივიდეს! სანაპიროზე გავისეირნოთ ყველამ ერთად, სოციალური დისტანციის დაცვით!“ – წერს მამა ალექსანდრე.

დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ინიციატივას, ასევე უერთდება სენაკის ცენტრში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ბართლომეც.

სასულიერო პირებს, ასევე მხარს უჭერს, ბორჯომის წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა არჩილი, რომელიც სახლიდან ტაძრამდე, ნათხოვარი ველოსიპედით დადის:

„ეს აკრძალვა და შეზღუდვა რომ დააწესეს, ავტომანქანებით გადაადგილებაზე, ჩემი მრევლისგან ველოსიპედი ვითხოვე და ასე დავდივარ. ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში ვცხოვრობ, იქიდან ტაძარში წირვა-ლოცვაზე ჩარხისწყალზე ველოსიპედით მივდივარ. ვფიქრობ, მომავალში შეზღუდვა რომ მოიხსნება, ველოსიპედით გავაგრძელო სიარული“ – აცხადებს მამა არჩილი.

მსგავსი თემები