საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ არსებული ოპოზიციური სპექტრის ფონზე, მრავალი რისკი არსებობს, თუნდაც, ის, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
აღნიშნული საკითხის განსახილველად, უმრავლესობა, დღეს 10:00 საათზე იკრიბება. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ისინი შეეცდებიან, კოლეგები დაარწმუნონ, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათი პირობა იყო და ეს საჭიროა.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც კონსტიტუციური ცვლილების წინააღმდეგია, ირაკლი შიოლაშვილია. თუ მას პროექტისთვის მხარდაჭერას აიძულებენ, მზადაა, პარლამენტი დატოვოს.
„თუ ვინმე შეეცდება, რომ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა განახორციელოს ჩემს აზრზე, მაგალითად, თუ მეტყვიან, რომ გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს გუნდური პრინციპია და ასე შემდეგ და გინდა თუ არა უნდა დათანხმდე და მხარი დაუჭირო, ამ შემთხვევაში, მზად ვარ, დავტოვო უმრავლესობა და დავტოვო საქართველოს პარლამენტის მანდატი“ – აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.