ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში 30 სამშენებლო კომპანია მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმეს.
უწყების ცნობით, 30 ობიექტი 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა.
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღობეები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა, ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.
შრომის ინსპექციის მონაცემებით, დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან – 14 დღემდე ვადა, ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენეს ჯარიმა, ჯამში 605 500 ლარის ოდენობით. მანამდე, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჯამში მილიონ ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.