პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის “UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.
„გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.
გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.
საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს.
Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ“, – აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.