ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ სხვა აქტივისტების მსგავსად, მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.

,,ჩემი სასამართლო პროცესი გადაიდო 28-ში, 11 საათზე. იმიტომ, რომ არც ვიცოდით რომელ დღეზე იყო ეს ამბავი, რა მტკიცებულება ჰქონდათ. მივედით სასამართლოში და გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტე გზა, რომელიც მახსოვს მკაფიოდ, ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი. წერია დროები, რა დროს სად ვიყავი, რამდენ ადამიანთან ვიყავი იმ ფოტოებშიც ჩანს და ვიდეოებშიც და, რა ვიცი. მე სიმართლე რომ გითხრათ, შეშინებული კი არა, უფრო მეცინება ამ ყველაფერზე. იმიტომ, რომ რაში გვადანაშაულებენ ვერ ვხვდები,” – ამბობს ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე 50-ზე მეტი პირის პროცესი იყო ჩანიშნული. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, უფრო კონკრეტულად კი, გზის გადაკეტვას ედავებიან.

რაოდენობიდან გამომდინარე, საქმეებს 3 მოსამართლე განიხილავს. 20-მდე აქტივისტის საქმე გადაიდო, ხოლო ერთს,საბა სხვიტარიძეს 500 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ჯარიმების გარდა, ბრალდება ითვალისწინებს 15 დღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობას.

მსგავსი თემები