Instagram-ი მოზარდებისთვის შეზღუდვებს და მშობლების კონტროლის ფუნქციის დამატებას აანონსებს

სოციალურმა ქსელმა Instagram 13-17 წლის მოზარდებისთვის სპეციალური ანგარიშების გახსნა დააანონსა, რომლებსაც მშობლების კონტროლის ფუნქცია ექნება.

როგორც Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ გადაცემა Good Morning America-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, ისინი შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან ან რომლებთანაც მანამდე ჰქონდათ ინტერაქცია. ასევე, მოზარდების მონიშვნას მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ.

საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ. ისინი არ მიიღებენ ნოტიფიკაციებს. სოცქსელში გატარებული ყოველი საათის შემდეგ კი მოზარდები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დროა Instagram-ი დახურონ.

მოზარდის მშობლები შვილის ანგარიშზე წვდომას საკუთარი ტელეფონიდან მიიღებენ. მათ ასევე შვილისთვის Instagram-ზე გატარებული დროის ლიმიტის დაწესების საშუალება ექნებათ.

შეზღუდვები შეეხება როგორც ახალ მომხმარებლებს, ასევე მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქსელით უკვე სარგებლობენ. იმ მომხმარებელთა ანგარიშები, რომელთ ასაკიც 16 წელს არ აღემატება, ავტომატურად გადავა დახურულ რეჟიმში და მათ საჯარო რეჟიმზე გადასაყვანად მშობლების ნებართვა იქნება საჭირო.

Instagram-ში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი მოზარდებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

სავარაუდოდ ცვლილებები ათობით მილიონ მომხმარებელს შეეხება. ისინი 60 დღის განმავლობაში ამოქმედდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში, იანვრიდან კი სხვა რეგიონებში. კომპანია Meta-მ, რომელსაც Instagram-ი, Facebook-ი და WhatsApp-ი ეკუთვნის განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ანალოგიურ ცვლილებებს სხვა აპლიკაციებშიც აამოქმედებს.

მსგავსი თემები