“ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად”- როგორ გააცნო ქოჩორაშვილმა ესპანურ პრესას “ქართლის დედა”

საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონტსა და საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა.

„პირველი და მთავარი, რაც ამ ტურნირმა მომცა, თავდაჯერებულობაა. ასევე, დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვართ. ეს შედეგი გამომდინარეობს იქიდან, რომ ცხოვრებაში სწორად აკეთებ ყველაფერს. შეიძლება დღეს ცუდ სიტუაციაში იყო, მაგრამ თუ თვლი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, ადრე თუ გვიან, შედეგი მოვა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას ოცნებაა და იქამდე მისვლა ადვილი არავისთვის არ არის“- ამბობს ქოჩორაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

„დიახ, პირველი იყო და იმედია, არა ბოლო. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ევრო2024-დან გამოვარდნის შემდეგ, სამშობლოში დავბრუნდით და ხალხი ისე დაგვხვდა, თითქოს ჩემპიონები გავხდით. ეს იმის მანიშნებელია, რომ თუ ბოლომდე იბრძოლებ და ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად, უკვე წარმატებაა“- თქვა ფეხბურთლმა.

კითხვაზე თუ როგორები არიან ქართველები, გიორგი ქოჩორაშვილი პასუხობს:

„საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გვესტუმრებით და ჩვენი მეგობრობა გინდათ, მიგიღებთ ღვინით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისიამოვნოთ. მაგრამ თუ ცუდი განზრახვით მოხვალთ, ხმლით დაგხვდებით. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად. მრავალი ომი გამოვიარეთ, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ენა, ტრადიციები, რელიგია და მიწა. ასეთი პატარა ქვეყანა რომ ასეთ დიდ წარმატებებს აღწევს, ბევრის მთქმელია. ბოლოს და ბოლოს, UFC-ში 2 ჩემპიონი გვყავს“

ბოლოს, კი აღნიშნა, რომ მისი შთაგონების წყარო არამარტო ილია თოფურია, არამედ მერაბ დვალიშვილიცაა.

 

მსგავსი თემები