ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას უმასპინძლა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC).

პატრულირებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით მდგომარეობის შესახებ. უფრო კონკრეტულად, მათ განმარტეს, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს “ბორდერიზაციას” და გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

„ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ღრმად მადლობელი ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 300-ზე მეტი თანამშრომლისაგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელობის პატივისთვის. ჩვენ ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ საომარი ქმედებების განუახლებლობა და ხელი შევუწყოთ დაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დელეგაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უსაფრთხოების ვითარების პირადად ნახვას, რადგან ეს მათ უშუალოდ აძლევს შესაძლებლობას ადგილზე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს გაეცნონ. ეს უმნიშვნელოვანესს როლს ითამაშებს რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობის ძალისხმევების მხარდამჭერი ევროკავშირის გადაწყვეტილებების შემუშავებისას”, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ.

მსგავსი თემები