ყივანახველას სიკვდილიანობაც ახასიათებს, გაფრთხილება მშობლებს – როგორ მივხვდეთ ინფექციის არსებობას?! – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

ყივანახველას შემთხვევები შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა მომატებული, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, რაც აიხსნება პანდემიის ზეგავლენით. 2-3 წლის განმავლობაში, ერთეული იყო ყივანახველას შემთხვევები, შემდეგ კი შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა, როგორც შემთხვევების მატება, ისე 2-3 წლიანი იმუნური პასუხის არარსებობის გამო, მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში იმ ფენის გაჩენა, რომელსაც მიმღებლობა აქვს მაღალი ყივანახველას მიმართ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვაქცინაციის გარკვეული შემცირებაა. ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინებით მოცვის მაჩვენებელი შემცირებულია პანდემიის შემდგომ პერიოდში.

,,2021 წელს ფიქსირდებოდა მკვეთრი ჩავარდნა ვაქცინაციის მოცვის თვალსაზრისით. შესაბამისად მოსახლეობის ფენა, რომელიც დარჩა ვაქცნაციის გარეშე, ახლა არის ინფექციის მიმღებლობის თვალსაზრსით ერთ-ერთი მთავარი წყარო. ოჯახში პატარა ბავშვი არის გადამდები ამ ვირუსისა და ამით აიხსნება მოზრდილებშიც ვირუსის მკვეთრი მატება.

ამიტომ, რაღაც მიზეზების გამო თუ ბავშვმა ვერ ჩაიტარა გეგმიური აცრა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა დაკარგულია. ყოველთვის შესაძლებელია განახლება ამ პროცესის და ყველა დედას, კიდევ ერთხელ ვურჩევ, ვინც გამოტოვა, რომელიმე კალენდარული ვაქცინა, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს და აუცილებლად დაეწიოს ამ ვაქცინაციის კალენდარს. ვინაიდან ის დაავადებები, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება საქართველოში მიეკუთვნება იმ დაავადების კატეგორიას, რომელთა საწინააღმდეგოდ ეფექტრი მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი შესაძლებლობა არის პრევენცია და ვაქცინაცია”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, ყივანახველას დიაგნოსტირება დაავადების კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ძალიან მარტივია, მაგრამ პირველ ეტაპზე არათუ მშობელი, ექიმიც კი ვერ ხვდება ამ ვირუსის შესახებ.

,,ყივანახველასთვის დამახასიათებელი ტიპიური შეტევები იწყება დაავადების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა მიმდინარეობს, ისე როგორც ჩვეულებრივი ვირუსი: ესაა იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატრა. ორი კვირის შემდეგ კი იწყება მისი კლასიკური სიმპტომები: შეტევითი ხასიათის სპაზმური ხველა, დამახასიათებელი ყივილის მსგავსი ხმიანობით. შეტევების რაოდენობა ყოველდღე მატულობს და შეტევა სრულდება ღებინებით. შეტევის პერიოდში ბავშვი სახეზე წითლდება და შესაძლებელია თავალებზე სისხლჩაქცევებიც გაჩნდეს.

დღეისათვის არ არსებობს ყივანახველას შეტევის შემამსუბუქებელი არცერთი ეფექტური მედიკამენტი. ყივანახველას ხშირად ეძახიან 100 დღიან ხველას. ამიტომ 100 დღის განმავლობაში შეიძლება ხველა გაგრძელდეს თავისი ფაზებით: საწყისი ფაზა, აქტიური მზვავე ფაზა, შემდეგ ჩამთავრების ფაზა, მაგრამ ეს ხანგრძლივობა ერთ-ერთი მთავარია, რაც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

აზიტრომიცინი არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ყივანახველას გართულებებისგან თავის დაცვა, მისი გავრცელების გარკვეული შემცირება. ამ პრეპარატს არანაირი გავლენა ხველის ინტენსივობაზე, ან ხველის ხანგრძლივობაზე არ აქვს. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია დღეისათვის წარმოადგენს ერთადერთ ეფექტურ საშუალებას ამ დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით. სხვა არჩევანი მკურნალობის კუთხით არ გვაქვს”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

ვირუსის მაჩვენებელი მაღალია, საწოლები დაკავებულია – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები