შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა.

ნ.გ. ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები