გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა – განაჩენი “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი, “გონივრულ ვადაში” გამოცხადდება.

დღეს დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.

გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

“უახლოეს დღეებშიო, გონივრული ვადა იგულისხმება ხოლმე, დაახლოებით 2-3 დღე, მეტი არა. საკმაოდ დიდხანს გაიწელა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტები გვქონდა დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარესაც ჰქონდა არგუმენტები და რატომღაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დღეს არ გამოეცხადებინა განაჩენი და ამისთვის დასჭირდა დრო, ლოგიკურიც იყო სადღაც ამხელა პროცესის შემდგომ. დღეს ახალი საერთოდ არაფერი მოგვისმენია გარდა იმისა, რაზეც კეთდებოდა აპელირება მთელ სასამართლო სხდომებზე, დღეს გაკეთდა უბრალოდ შეჯამებული, მეტი არაფერი”- თქვა ადვოკატმა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.

მსგავსი თემები