„ჩვენ ყველამ, მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“ – სანიოლი

დღეს ფინალია – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საბერძნეთთან მატჩი 21 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება როგორც ნაკრები, ასევე გულშემატკივრები.

მატჩის დაწყებამდე ქომაგები მასშტაბურ მსვლელობას მოაწყობენ. საქართველოს ნაკრები საბერძნეთს სრული შემადგენლობით დაუპირისპირდება. მოედანზე, წინა თამაშისგან განსხვავებით, იქნება ხვიჩა კვარაცხელიაც. ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის განცხადებით, მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არის.

“ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, ყველა მოთამაშე მზადაა. ერთი ვარჯიში დაგვრჩა, ვეცდებით, რომ საბერძნეთთან საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს – მირჩევნია, რომ ჩვენს მეტოქეზე არ ვისაუბრო. როცა გავიგეთ, რომ ბერძნებთან თამაში მოგვიწევდა, უკვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველის. მათ კარგი მოთამაშეები ჰყავთ. ეს ფინალია, ორივეს მოგება უნდა. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ მოგებისთვის. ხშირად ვუხსნი ფეხბურთელებს, რომ მოსაგებად ოცნება საკმარისი არაა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემმა მოთამაშეებმა ძალიან მოუმატეს, ისინი ახლა ყველაზე კარგად არიან მზად.

ისინი, ვინც ბილეთი ვერ იყიდა, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც ფეხბურთის ჩვენება დიდ ეკრანებზე მოეწყობა. ამასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.

ამასთან, როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა მუმლაძე აცხადებს, მატჩთან დაკავშირებით ხანგრძლივდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროც.

“მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით დაიგეგმა რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობის შეზღუდვა, ვინაიდან დიდი ეკრანის განთავსებაა დაგეგმილი. შესაბამისად, რესპუბლიკის მოედნის დაკეტვის საჭიროება გახდა.გულშემატკივრებისთვის რომ კომფორტული იყოს გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დრო გაიზარდა – 26 მარტის 22 საათიდან 27 მარტის 02 საათამდე იმუშავებს როგორც ავტობუსების მარშრუტები, ისე მეტროს ნაწილში იქნება გახანგრძლივებული სამუშაო დრო,”- აცხადებს მამუკა მუმლაძე.

მსგავსი თემები