მოქალაქეებმა რუსეთში სამუდამო პატიმრობამისჯილი მამუკა გაწერელიას მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, მხარდამჭერი პეტიცია შექმნეს, რომელსაც რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მოქალაქეები ხელისუფლების დახმარებას სთხოვენ და ოფიციალური პირებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან.

,,მამუკა გაწერელია სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ იყო დაჯილდოვებული სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო წარმატებებისათვის. თავადაც აფხაზეთიდან დევნილს, რომლის მამაც აფხაზეთის ომის მონაწილეა, გულმა ვერ გაუძლო, როცა ტელევიზიით უდანაშაულო ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას უყურა და მოხალისედ წავიდა უკრაინაში. თავგამოდებით ებრძოდა საერთო მტერს – რუსეთს, რომელმაც უკრაინაზე ადრე მის მშობლიურ აფხაზეთში დაატრიალა ცოდვის კალო. ომში, სადაც 2 მხარე ებრძვის ერთმანეთს, მუდამ ვიღაც იღუპება და ამის ბრალად წაყენება მებრძოლისათვის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის, უკრაინის პრეზიდენტის, რუსეთის მთავრობისაგან, მამუკა გაწერელიას, როგორც სამხედრო ტყვის მიმართ გამოყენებული იქნეს ყველა ზომა მისი გაცვლის ან ექსტრადირებისათვის, რათა სამშობლოში მოიხადოს სასჯელი. იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და უსამართლობასთან მებრძოლი ახალგაზრდის ბედი საყოველთაო ზრუნვის საქმედ იქცევა,” – ნათქვამია პეტიციაში.

ცნობისთვის, რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს, სულ მცირე, 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები