23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.

საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა.

რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

მარო მაყაშვილთან ერთად, დაიღუპნენ იუნკერები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების დარჩენილმა ქვეყანამ რუსეთის არმიას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რუსეთმა საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.

ტაძრის ადგილზე სადაც იუნკრების საფლავები იყო ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს.

 

 

მსგავსი თემები