,,პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს” – წითლიძე ზურაბიშვილს

პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, – ასე მიმართა ენმ-ის წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

,,მე მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ესეთი კომენტარი გააკეთა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ რის რუსეთიო.

ქალბატონო სალომე, მე არაფერს გასწავლით, მაგრამ  ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ გჯეროდათ რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდა. გჯეროდათ მანამ, სანამ პირადად არ შეგეჯახათ და გჯეროდათ მანამ, სანამ თვითონ არ ნახეთ საკუთარ თვალებით რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ივანიშვილის პარტიის პირობებში ემუქრებოდა საფრთხე. გჯეროდათ მანამ, სანამ თვითონ არ მოგიწიათ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად საქართველოს ევროპული კურსის დაცვა, ნუ გამოცდით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. თუ რამე დგას საფრთხის წინაშე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე.

მე არ გთხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან მგონია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაწყალებელი არაფერი ჭირს. მე გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. არა შურისძიებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ოპონენტების დევნა და ციხეში გამოკეტვა, ერთხელ და სამუდამო დასრულდეს შურისძიება და 30 წლის განმავლობაში არ ვიტრიალოთ ჩაკეტილ წრეზე. თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ. ვის, ვის და თქვენ ყველაზე კარგად გესმით რას ნიშნავს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა”, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი თემები