უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე, ვიცე- სპიკერად კი ნინო წილოსანი – „ოცნების“ საკადრო ცვლილებები

პარლამენტში გათავისუფლდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები,  ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტს გელა სამხარაული. მათი პირველი მოადგილეები კი, შესაბამისად, გიორგი ცაგარეიშვილი და ირაკლი-დაჩი ბერაია იქნებიან.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც, ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც უკვე გქონდათ ინფორმაცია, პირველი იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი.

ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე, ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის, უმრავლესობა ვაკანტურ პოზიციაზე, ვიცე-სპიკერის ადგილზეა საუბარი, რომელიც გათავისუფლდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ნინო წილოსანს. ასევე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილს. ანუ როდესაც მე უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, ამის შემდეგ მოხდა ეს კენჭისყრა. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი.

მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე ირაკლი-დაჩი ბერაიას. ეს საკადრო გადაწყვეტილებები იქნა დღეს მიღებული.

ზოგი მათგანი უკვე შევიდა ძალაში, რაც შეეძლო უმრავლესობას და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გადაეწყვიტა, ხოლო პარლამენტის მიერ გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ ჩვენს კოლეგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები