„ისტერიული ანტიკამპანია და მასობრივი დაშანტაჟება“ – სასულიერო პირი საპატრიარქოს ღონისძიებებზე “მთავარში”

  •  

მამა დავით ლასურაშვილი, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ხელოვანების მიმართ დაწყებულ ანტიკამპანიას ისტერიად და მასობრივ დაშანტაჟებად აფასებს.

როგორც მამა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ, მათ შორის ხელოვნების წარმომადგენლებსაც.

„მე არ გახლავართ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მაგრამ ეს დღე, 17 მაისი ჩვენი პატრიარქის მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ არის დაწესებული. ისიც გავიგეთ, რომ ამ დღეს, საღამოს 5 საათზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ხელოვანთა ჩართულობით, თუმცა, ბოლო დღეებში, ჩვენ ვხედავთ ისტერიულ ანტი კამპანიას ამ ყველაფრის საწინააღმდეგო. ფაქტიურად, ეს არის მასობრივი დაშანტაჟება ადამიანების. თუ ვინმე საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, მათ ანტი ლგბტ მოძრაობის წევრებად ნათლავენ. ეს გასაკვირი არც არის“, – აღნიშნა მამა დავითმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მომღერალმა, 17 მაისს, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ისინი ამ ქმედებით სხვის უფლებებში და თავის უფლებებში იჭრებიან. მათ კონცერტში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ სხვა კონცერტები აქვთ დაგეგმილი.

როგორც მამა დავითი აღნიშნავს, გმირობა ყველას არ შეუძლია, შესაბამისად, ის ყველას არც უნდა მოვთხოვოთ: „ვინმე გოგი გვახარიასგან წამოვიდა მსგავსი მუქარა. თითქოს ლგბტ იდეოლოგიის გამტარებლები არიან და უნდათ რომ ამ თემის უფლებები და ღირსება დაიცვან. აქ ღირსებაზე ზედმეტია საუბარი. ჯერ თავიანთი ღირსება დაიცვან. 17 მაისს ღონისძიებების დაგეგმვაში ცუდი და უცნაური არაფერია. საინტერესოა, ისიც ვიკითხოთ, თუ როგორ თვლის ეკლესია, საერთოდ, ჰომოფობიისა და ანტიჰომოფობიის დღეს აღიარებს? ჩვენ მას არ ვაღიარებთ, რომელ ჰომოფობიაზეა საუბარი? საქართველოს ეკლესიის და ზოგადად მართლმადედებელი ეკლესიის პოზიცია ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა და არ იცვლება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანს გმირობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ საკითხი კარიერაზე არ უნდა გადიოდეს.“

შეგახსენებთ რომ 17 მაისს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააწესა.

მსგავსი თემები