,,ადამიანის უკანონოდ მოსმენა არის კრიმინალი,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მედიაში გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
მან ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
„არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიღაც ადამიანს უკანონოდ იწერს, ეს არის ძველი, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ საქციელი ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ჩანაწერი შეკოწიწებულია სხვადასხვა ჩანაწერებისგან, ადვილად ირკვევა, რომ მისი ერთი ნაწილი ჩაწერილია 2017 წლამდე. შესაბამისად, ამ რეჟიმის მიერ არის ჩაწერილი“,-განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.