,,2-3 დღე დამჭირდება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

,,ორი-სამი დღე დამჭირდება. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ, მანამდე დამჭირდება კონსულტაციები, ამისთვის ეს რამდენიმე დღე იქნება დატვირთული. მათ შორის მინდა, რომ უშუალოდ მივიღო ინფორმაცია სტიქიასთან დაკავშირებით, სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დატვირთული დღეები იქნება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი, მათ შორის საკადრო საკითხებში და ორშაბათს გაგიზიარებთ ინფორმაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი, რომლებმაც პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, დიდი ალბათობით, თანამდებობას შეინარჩუნებენ.

,,კონკრეტულად ეს ორი ადამიანი არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები, აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც არის ძალიან ღირებული კადრი, რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და მოგაწვდით ინფორმაციას,“ – ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი თემები