2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი რუსეთიდან დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უწყების ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 75.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.4 პროცენტს შეადგენდა.

 

მსგავსი თემები