ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ერთობლივ წერილს ავრცელებენ

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ერთობლივ წერილს ავრცელებენ, რომელსაც ამ დროისათვის 63 ხელმომწერი ჰყავს. ისინი ჩიქობავასა და ხასაიას დაკავებას უსამართლო და საზოგადოების დამაზიანებელ გადაწყვეტილებად აფასებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ:

,,ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსესხებლებმა უპატიოსნოდ გამოიყენეს და ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს ურთულეს მდგომარეობაში აყენებენ. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ცდილობენ, ადამიანებს საცხოვრისი ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე წაართვან, რაც ეჭვს აჩენს, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი.

ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც.

სწორედ ამ დანაშაულებრივი სისტემისა და ქსელის წინააღმდეგ ბრძოლისას დააკავეს თსუს ლექტორი, ისტორიკოსი აკაკი ჩიქობავა და ილიაუნის დოქტორანტი, ლიტერატორი გიორგი ხასაია, როდესაც 23 იანვარს, კეკელიძის N1-იდან, უმძიმესი, ბრუტალური, ძალადობრივი ფორმებით ძალოვნები ასახლებდნენ ოჯახს. გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სხვებთან ერთად წინააღმდეგობას უწევდნენ ამ არაადამიანურ პროცესს.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მივიჩნევთ, რომ ეს უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა, სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს და და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩიქობავა და ხასაია სისხლის სამართლის წესით 22 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ხასაიას და ჩიქობავას ადვოკატებმა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

მსგავსი თემები