დააკავეს ქალი, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად კვერცხუჯრედები უკანონოდ გადმოჰქონდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიკავკაზში საბაჟოზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ქალი, რომელიც საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედებით სინჯარების გადატანას ცდილობდა.

36 წლის ქალს ბიოლოგიური მასალა მოჰქონდა ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად, თუმცა მას ლიცენზია არ ჰქონდა შესაბამისი ფედერალური სამსახურისგან, რომ ტრანსპორტირება ლეგალური ყოფილიყო.

რუსული მედიის ცნობით, ქალს პროცედურა თბილისში, კლინიკა Silk Medical-ში უნდა ჩაეტარებინა. თავად ბრალდებულმა მასალა  პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღო, რათა ის საზღვარზე გადაეტანა, რადგან პროცედურა საქართველოში უფრო იაფი იყო – “სილქ მედიქალში” პროცედურისთვის 6,5 ათასი დოლარი ითხოვეს”.

ქალის მტკიცებით, ქართველმა ექიმებმა დაარწმუნეს, რომ მსგავსი ამანათის ტრანსპორტირება კანონიერი იყო, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებით არაფერი უთხრეს.

ქალს რუსეთში შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება.

მსგავსი თემები