ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე – ნეთანიაჰუ

,,ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდების საქმეზე განხილვის დაწყებას გამოეხმაურა. ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ აფრიკამ შეიტანა. სამხრეთ აფრიკის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინელების დევნა არა 7 ოქტომბერს, არამედ 76 წლის წინ დაიწყო.

,,ტერორისტული ორგანიზაცია ახორციელებს ყველაზე საშინელ დანაშაულს ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის შემდეგ და ახლა გამოდის ვიღაცა, ვინც მათ ჰოლოკოსტის სახელით იცავს. სად იყო სამხრეთ აფრიკა, როდესაც მილიონობით ადამიანი მოკლეს ან დევნილად აქციეს სირიასა და იემენში და ვის მიერ? “ჰამასის” პარტნიორების მიერ. ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე. ჩვენ გავაგრძელებთ სიცრუის უარყოფას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი უფლების დაცვას, დავიცვათ საკუთარი თავი და უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები