„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს.  ამის შესახდებ ლევან დავითაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ კითხვას პასუხობდა.

„ოპოზიციის მხრიდან გარკვეული თემატიკით სპეკულირება არახალია. ჩვენ დღესაც უშინაარსო პოლემიკის მომსწრე ვართ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საზოგადოებისთვის ამომწურავად იყო გაცემული პასუხი მაშინვე, როცა ჩვენ დავბრუნდით ამ ფორუმიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მქონდა პრესკონფერენცია, განმარტებები გავაკეთეთ ამ საკითხზე. მოხარული ვარ, თქვენ წინაშე მეტი განმარტება გავაკეთო, დავაზუსტო ინფორმაცია, რადგან ბევრი ინფორმაცია იყო არაზუსტი, მათ შორის არასწორად წარმოდგენილი საზოგადოებისთვის ისევ იმისთვის, რომ მოხდეს სახელისუფლო გუნდის დისკრედიტაცია.  ვხედავთ, რომ მიუხედავად წლების მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით და მივიღეთ ძალიან რთული, მძიმე მემკვიდრეობა, რომლის გამოსწორებაც მარტივი არ არის, მაგრამ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელიც მთლიან საზოგადოებას აქვს, მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს, საქართველოს თანმიმდევრულ გაძლიერებას, ძლიერ, მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას, მათ შორის ჩვენს ევროპულ მომავალს, საბოლოოდ დიალოგს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მსგავსი თემები