“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” დამტკიცებულია

ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, ,,ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” მესამე მოსმენითაც მიიღო. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიციირებული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”

კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. ამის მიუხედავად, “ოცნებამ” 17 აპრილს კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, ხოლო 1-ელ მაისს, მეორე მოსმენით მიიღო.

მსგავსი თემები