პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა – ომბუდსმენი

,,პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა”. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

ამასთან ომბუდსმენი ხაზს უსვამს არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს.

„წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულდა მათი ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რაც შესაბამისად საჭიროებს გაუმჯობესებას.

გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს.

არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით დამატებით აღსანიშნავია კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კერძოდ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები