ირანის ხელისუფლება მაჰსა ამინის ოჯახს სახაროვის პრემიის მიღების უფლებას არ აძლევს

ირანის ხელისუფლება ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს ირანის დატოვების და ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მიღების საშუალებას არ აძლევს, რომელიც ევროპარლამენტმა ახალგაზრდა ქალს სიკვდილის შემდეგ გადასცა.

„ამინის მშობლებსა და ძმას არ მიეცათ საშუალება, ჩამსხდარიყვნენ თვითმფრინავში, რომელსაც ისინი სახაროვის პრემიის მისაღებად საფრანგეთში უნდა ჩაეყვანა“, – განაცხადა საფრანგეთში ოჯახის ადვოკატმა, შირინ არდაკანიმ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ვიზა ჰქონდა, ირანიდან გასვლა აეკრძალა და პასპორტები ჩამოართვეს. ახლა ჯილდოს ოჯახის სახელით მიიღებს ადვოკატი სალეჰ ნიკბახტი, რომელიც უკვე პარიზში იმყოფება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მოუწოდა თეირანს, „გააუქმოს გადაწყვეტილება მაჰსა ამინის დედის, მამისა და ძმის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ“. რობერტა მეცოლას თქმით, მათ მომავალ სამშაბათს ელოდნენ სტრასბურგში, სადაც სახაროვის პრემია უნდა გადაეცათ.

“სიმართლის დამალვა შეუძლებელია”, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები