14:00 საათზე თბილისში ევროკავშირის მხარდამჭერი მარში გაიმართება

,,შენი ხმა ევროკავშირს”. 2 საათში დედაქალაქის ცენტრში სახალხო მარში დაიწყება.

დღეს რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მარშს რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, პრეზიდენტი, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

დღესვე გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა. მსვლელობის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორია.

“8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.

შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

მარში 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძვრება ევროპის მოედნისკენ.

P.S. არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე დაწერილი თქვენი სათქმელი ევროკავშირისთვის”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები