განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.

ცვლილებებით ფართოვდება მანდატურის სამსახურის ფუნქციები და მას ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი. ასევე, ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს შეფასებასთან ერთად კონსულტირების ფუნქცია მიენიჭება.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ მხოლოდ კანონის ამოქმედების ვადებმა გადაიწია.

სხდომაზე ასევე მეორე მოსმენით განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, მთავრობის უფლებამოსილებებს დაემატება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების უფლებამოსილება.

ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ცვლილება არ განხორციელებულა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

„წელს, 27 ოქტომბერი დაწესდა როგორც მასწავლებლის ეროვნული დღე. მინდა თითოეულ პედაგოგს, ღვაწლმოსილ მასწავლებელს მივულოცო ეს დღე და პირადად ჩემი და კომიტეტის სახელით ვთქვა, რომ ყველა ის სიახლე და რეფორმა, რომელიც ზოგადი განათლების სექტორში ხორციელდება, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხის რეგულირება გადაინაცვლებს კანონის იმ თავში, რომელიც ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

მომხსენებლის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები ასევე არ განხორციელებულა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის დამტკიცების სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

მსგავსი თემები