,,იმედია თქვენი შრომა იქნება მიმართული იმისკენ, რომ იყოთ ყველას სახალხო დამცველი” – ალუდა ღუდუშაური

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს ჰყოლოდა სახალხო დამცველი, რომელიც იქნებოდა ყველას სახალხო დამცველი და არა კონკრეტული პარტიის თუ ვიწროპარტიული ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ ჩვენ ინსტიტუციურად გავაძლიერეთ სახალხო დამცველი, გავზარდეთ მისი უფლებები, აღვჭურვეთ და მივეცით მთელი რიგი ინსტრუმენტები და ბერკეტები, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, რომ ჩენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნა სახალხო დამცველთან მიმართებაში არის ის, რომ ის პოლიტიკურად ნეიტრალური პირი იყოს, რომელსაც ექნება ობიექტურობის განცდა, რაც, მისი თქმით, წარსულში ვერ მოხერხდა.

„სწორედ ამიტომ უარი ვთქვით, რომ ჩვენ გვყოლოდა ჩვენი კანდიდატი და შევეცადეთ ყოფილიყო ეს პროცესი გამჭვირვალე, ღია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კრიტიკული, იქნება პრინციპული, შეუვალი ოღონდ იქნება პოლიტიკისგან დაცლილი. იმედია თქვენი შრომა იქნება მიმართული იმისკენ, რომ პრინციპულად იყოთ ყველას სახალხო დამცველი. ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი იყო და არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მთავარი ფუნდამენტური უფლება ადამიანისა არის ღირსება. ჩვენ ვიქნებით პოლემიკაშიც, ვიქნებით დისკუსიაშიც, აზრთა თანხვედრაშიც, მაგრამ ვერ შევეგუებით ვინმემ გვითხრას, რომ თეთრი არის შავი და ეს მივიღოთ ჭეშმარიტებად. ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ თავს ღირსეულად, დაცულად და ამ საქმეში თქვენი წვლილი იქნება განუზომლად დიდი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები