ღვინის დღეები გურჯაანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში „ღვინის დღეები“ მეორე წელია ტარდება. წელს 7-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით „ღვინის დღეები“ 23 მუნიციპალიტეტში იმართება. გურჯაანში ღვინის ფესტივალს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრო, სადაც ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ პროდუქტებს გაეცნო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს ღვინის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტები ესტუმრნენ, Forbes-ის, Vinorandum-ის, Vince Magazine-ისა და სხვა გამოცემების წარმომადგენლები ღვინის ფესტივალთან ერთად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აშუქებენ.

„ღვინის დღეები და მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. ჩვენ აქ ვხედავთ მოგზაურებს როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დღევანდელ ფესტივალს აღნიშნავენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად მხარს უჭერს ფესტივალების წახალისებას, ჩვენ ფესტივალზე ჩამოვიყვანეთ Forbes-ის და სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომ საქართველოს ღვინის დღეების, ღვინის კულტურის შესახებ, ტურიზმის შესახებ მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ შევძლოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური მოვიწვიოთ საქართველოში“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

„საქართველოში პირველად ვარ, მრავალი წელი მინდოდა თქვენს ქვეყანაში მოგზაურობა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ახლა აქ ვარ და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც საზღვარზე საპასპორტო კონტროლის შემდეგ მოგზაურებს ღვინით ასაჩუქრებენ“, -ამბობს პრესტურის მონაწილე ჟურნალისტი ლორენ მაური.

ფესტივალზე ტრადიციულ კერძებთან ერთად ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭასა და სხვა სასმელები იყო წარმოდგენილი.

მსგავსი თემები