გერმანიამ გადაწყვიტა პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება შეაჩეროს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა პალესტინის  ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს, ცალსახად დაგმეს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე. შოლცმა, პარლამენტში გამოსვლისას, პალესტინის ხელისუფლების დუმილს “სამარცხვინო” უწოდა.

შოლცის თქმით, გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინის ტერიტორიებზე განვითარების პროექტების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს პროექტების ეფექტურობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მათი წვლილისთვის.

ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება საგარეო დახმარების არარსებობის პირობებში. ”მაგრამ ჰამასის მებრძოლები, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს, ამაში დამნაშავენი არიან”, – თქვა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას“, – თქვა შოლცმა.

შოლცის თქმით, ის ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია მისი საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ასევე შეხვედრა ყატარის ემირთან.

”სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

მსგავსი თემები