ხვალ საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ცნობით, მოქალაქეები ხვალ საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. საარჩევნო უბნები დილის 6:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი 8 საათზე დაიწყება.

არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი იხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით, კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ამომრჩეველთა რაოდენობის 85.3% მიიღებს.

,,საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა…მოვუწოდებთ გორის, კასპის და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები”, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ბიულეტენი განსხვავებული იქნება. ამომრჩევლებს სასურველი კანდიდატის ნომრის შემოხაზვის ნაცვლად, კანდიდატის წინ არსებული წრის გაფერადება მოუწევს.

,,ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე იბეჭდება კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო”, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, დანარჩენ 30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და კიბერ ჩარევის საფრთხე არ არსებობს.

ცესკოს ინფორმაციით, ხვალინდელ არჩევნებზე რეგისტრირებულია 184 300 ამომრჩეველი, 16 საერთაშორისო, 426 კი ადგილობრივი დამკვირვებელი. პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი, ხოლო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი.

მსგავსი თემები