აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

  •  

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.  ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა,  სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%, ვაზზე – 50%.  აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. ასევე, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია ბენეფიციარმა 5 ჰექტარზე ზემოთ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობიდან  5 ჰექტარი დააზღვიოს და  სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. 

დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც  დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და   ფერმერთა რეესტრში.

2019 წელს გაიზარდა წითელი ვაზის მოსავლის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი და ის 1 ჰექტარზე  15,000 ლარს შეადგენს (გასულ წელს ლიმიტი  10,000 ლარს შეადგენდა). ლიმიტის ზრდა გამოწვეულია 2018 წელს ყურძნის ფასის მატებით. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.  

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 5 წელია მიმდინარეობს. 2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 81,453 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413  ჰა, ჯამში დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი, ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 5 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,343,213 მლნ ლარი შეადგინა.

მსგავსი თემები