პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე (1980 წელს დაბადებული ო.ო) დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-6, მე-7 ნაწილებით, ასევე, 262 -ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები