ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მისი მამა დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის გარდაცვალების წლისთავზე მამამისი, ამჯად ამინი, ქურთისტანის ქალაქ საყეზში თავის სახლთან დააკავეს და დასაკითხად უშიშროების უწყებაში წაიყვანეს.

ამჯად ამინს განუცხადეს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. მათ სახლს უშიშროების ძალებმა ალყაც შემოარტყეს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ,,მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მის გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა.

მისი გარდაცვალების წლისთავზე ირანის ბევრ ქალაქში უშიშროების ზომები გაძლიერდა. რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები. თეირანში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორებიცაა მაშჰადი და შირაზი, 15 სექტემბერს შედგა დემონსტრაციები, რომლის მონაწილეები არ დაემორჩილნენ აკრძალვებს და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: “სიკვდილი დიქტატორს!”, “ქალი, სიცოცხლე თავისუფლება”.

მსგავსი თემები