,,წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული”- კახა კალაძე

წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გავრცელებული განცხადებები, თითქოს, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემებმა არ იმუშავა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის
რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა – მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზები და
გადაადგილება უპრობლემოდ ხდება.

გუშინ პირადად ვიმყოფებოდი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეტბორილი იყო თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს, სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გვაქვს. სწორედ ამიტომ, სადაც
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, მსგავს კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა,
გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები