,,აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მაგრამ არ განიხილავს  შეერთების ვარიანტს”- სერგეი შამბა

აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მაგრამ არ განიხილავს რუსეთის ფედერაციაში შეერთების ვარიანტს – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

შამბამ აღნიშნა, რომ „რესპუბლიკის ყველა პოლიტიკური ძალა რუსეთთან მჭიდრო და მოკავშირეობის მომხრეა“.

„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა და ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ. ეს არის სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების ლოგიკური სურვილი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც გვთავაზობენ რუსეთში შესვლას“, – განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული „რუსეთსა და აფხაზეთს შორის 200-მდე ხელშეკრულება გაფორმდა და მიმდინარეობს ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი“.

“ეს ხელს უწყობს რუსეთისა და აფხაზეთის კიდევ უფრო დაახლოებას”, – მიიჩნევს რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

მსგავსი თემები