ჩინური ბაზარი, პროდუქტები და ფასები – „მედიაცენტრი მთავარის“ დღიურები პეკინიდან  (ვიდეო)

ვაგრძელებ „ჩინური დღიურების“  გაზიარებას. ამჯერად მოგიყვებით აქაურ ბაზარზე, ფასებსა და პროდუქტებზე.  ასევე, „ჩვენებურ“ კერძებზე, რომელიც აქ მოვამზადე და ინტერნაციონალურ შემადგენლობაზე.

ვაფასებ ადგილობრივ სამზარეულოს და კულინარიას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ „არ მეჭმევა“, ძირითადად ვგულისხმობ ხორცეულობას, შესაბამისად რესტორნებსაც დიდად არ ვსტუმრობ.

ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც აქ ვარ. შაბათ-კვირა რომ დალოცვილი და დასვენების დღეა, ეს ძალიან კარგია და ამიტომაც, დღეს ჩინურ ბაზარს, ანუ ქართულ „აგროჰაბს“ ვესტუმრე.  რატომ?

1.     იმიტომ, რომ ვიცი რას ვჭამ;

2.     იმიტომ, რომ ვიცი ჩემი მომზადებულია;

3.     ინტერნაციონალურ გუნდს, ქართული სამზარეულოთი გავუმასპინძლდი.

რამდენიმე სიტყვით ინტერნაციონალურ ჯგუფზეც მოგიყვებით.  მოკლედ რომ გითხრათ, პეკინის დიპლომატიურ დასახლებაში მთელი მსოფლიო ერთად ვართ – თითო წარმომადგენელი ყველა ქვეყნიდან. ასეთია ჩვენი შემადგენლობა. ნელ-ნელა ვიცნობთ ერთმანეთს. ყველას თავისი აპარტამენტი აქვს, ყველა მარტო ცხოვრობს. მოკლედ, ძალიან საინტერესოა. ერთ დღეს შეგიძლია საფრანგეთი დაპატიჟო; მეორე დღეს გერმანია, იტალია, ამერიკა; მესამე დღეს – პოლონეთი, აფრიკა, ბრაზილია, მოკლედ, არჩევანი დიდია.

ჩემი პირველი დღე კი რა თქმა უნდა, კავკასიას დავუთმე – დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს ვუმასპინძლდები. ასევე, ველოდები რომ შემოგვიერთდება თურქეთის და რუსეთის წარმომადგენელი.

რადგან ჯერ აქაურობას კარგად არ ვიცნობ და მარკეტებში ყველგან ჩინური წარწერებია, ის პროდუქტები ავარჩიე, რაც ჩემთვის ნაცნობია. რაც შეეხება კერძებს, ვინაიდან ძირითადად მშრალ კვებაზე ვართ, მოვამზადე წვნიანი, აჯაფსანდალი და ხაჭაპური.

რაც შეეხება ბოსტნეულის ფასებს, ბაზრის, ანუ აქაური „აგროჰაბის“ ფასები შემდეგია:

კარტოფილი – დაახლოებით 1,50 ლარი; სტაფილო –  დაახლოებით 2,70 ლარი;  პომიდორი – 2.70 ლარი; კირტი 2.70 ლარი  მწვანე ლობიო – დაახლოებით 3.60 ლარი;  ბულგარული – 2.70 ლარი; ბადრიჯანი – დაახლოებით 3.60 ლარი;  კომბოსტო – 1.30; ყვავილოვანი კომბოსტო – 2.70; ბროკოლი – 2.20 ლარი; მაკარონი (ნახევარ კილო) – 5 ლარამდე და ა.შ. (ვიდეოში მოცემული ფასები არის 500 გრამზე).

აქ პური საკმაოდ ძვირია. მართალი ყოფილან „მეპურეები“ “მედიაცენტრ მთავარში“ როცა ამბობდნენ საქართველოში პური ყველაზე იაფია-ო. ტრადიციული, ქართული პურის მსგავსი პური აქ არ იყიდება, ძირითადად დაჭრილ პურს შეხვდებით, რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ქარხნული პურის ნახევარი და ფასი დაახლოებით 5 ლარამდეა.

და, კიდევ ერთი მთავარი, აქ არც ინგლისური ჭრის და არც რუსული, მეგრული ხომ საერთოდ… დაილოცოს მუნჯური ენა.

და ბოლოდ, შაბათის დღის ინტერნაციონალურმა სუფრამ პოზიტიურად ჩაიარა. შემდეგ კვირას, ევროპელებს ვუმასპინძლებ. ამასობაში, აქაურობას კიდევ უფრო კარგად გავიცნობ და საინტერესო პროდუქტებსაც აღმოვაჩენ. ჯერ სულ ერთი კვირაა რაც აქ ვარ და „ჩემი ტერიტორია,“ ანუ, საბურთალოს პერიმეტრი ავითვისე და თავისუფლად დავსეირნობ.

P.S. დაგიბრუნდებით საკმაოდ საინტერესო ჩართვით „ჩაის სამყაროდან“, სადაც ჯერ მხოლოდ 8 სახეობის ჩაი გავსინჯე. ჩინური ჩაი საოცრებაა. ვინც ჩემგან საჩუქრებს ელოდებით, ჩინური ჩაი შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

 

ეკა გულუა, პეკინიდან

 

 

მსგავსი თემები