,,ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი”- ლევან ხაბეიშვილი 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი  გუშინ, გლოვის პარალელურად პარტიის წევრების ქეიფს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქეიფი.

მისივე  თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ მინისტრი, შს მინისტრი და ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ევალებოდა  მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

,,მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – ასეთ პირობებში, ასეთი გლოვის დღეებში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რაიმე სახის ქეიფი, კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, როგორც ორი შვილის მამას უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება, ამდენი ადამიანის გამწარება, ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგა ოჯახებმა, მცირეწლოვანი ბავშვები. ყოველდღიურად სტრესის ქვეშ გვიწევს მოქალაქეებს ცხოვრება და ცალსახად მინდა ვთქვა, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ მინისტრი, შს მინისტრი, სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეკუთვნოდა, ვისაც ეხებოდა, ევალებოდა ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ფაქტს და ვწუხვარ ასეთ თემებზე რომ გვიწევს ასეთ მძიმე პირობებში კომენტარის კეთება,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები