საფრანგეთი ნიგერიდან მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

საფრანგეთი ნიგერიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება. მიზეზი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში გასული კვირის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ანტიფრანგული განწყობების გაძლიერებაა. საფრანგეთი ევაკუაციაში ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარება.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ საფრანგეთის საელჩო იქცა. აქციის მონაწილეები საფრანგეთის საელჩოსთან სკანდირებდნენ “გაუმარჯოს რუსეთს”, “გაუმარჯოს პუტინს” და “ძირს საფრანგეთი”. მათ საელჩოს შენობის კედლებს ცეცხლი წაუკიდეს.

ნიგერი, რომელიც მდიდარია ურანით, დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო საჰელში ჯიჰადისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და საფრანგეთსაც და აშშ-საც იქ სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული.

მას შემდეგ, რაც მალის სამხედრო ლიდერებმა 2021 წელს რუსი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებთან პარტნიორობა არჩიეს, საფრანგეთმა თავისი რეგიონული ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრი ნიგერში გადაიტანა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილებაზე ასევე გავლენა იქონია ნიგერის საჰაერო სივრცის დახურვამ, რამაც შეუძლებელი გახადა საფრანგეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას სპეციალური რეისით სთავაზობს.

მსგავსი თემები