დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
„ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.