,,გადამოწმდა ნაშთები, აფთიაქებში მედიკამენტი არ მოიძებნა, თუმცა აღმოჩნდა საწყობებში”- მინისტრი ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტზე

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გადამოწმდა ნაშთები. შედეგად, აფთიაქებში მედიკამენტი არ მოიძებნა, თუმცა აღმოჩნდა საწყობებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მიღებული ნაშთები რომ გაენაწილებინათ ქსელებში, მედიკამენტთან დაკავშირებით დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნებოდა.

,,ძალიან კარგია, რაც მიმდინარე წელს დავიწყეთ – როგორც აფთიაქებს, ისე საწყობებს ჩვენ სავალდებულოდ გავახსნევინეთ თავიანთი ნაშთები. რეგულირების სააგენტო უკვე ხედავს, სად რა ნაშთია. შესაბამისად, ჩვენი სისტემის მეშვეობით როცა ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებში, იქ მედიკამენტი არ იყო, ხოლო საწყობებში როცა გადამოწმდა, ნაშთები აღმოჩნდა.

ჩვენი თანამშრომლები კომპანიებთან ნაშთებს როდესაც ამოწმებდნენ, კომპანიები მიუთითებდნენ, რომ, რეალურად, ნაშთი არ იყო და არც იცოდნენ, როდის ექნებოდათ. ვინაიდან დეფიციტს უკავშირებდნენ რეფერენტულ ფასს, საგანგებოდ მოვიწვიე ჩემი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროექტში და დეტალურად გავიარეთ ფასთწარმოქმნის მექანიზმი ამ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით. პარალელურად, მეორე ჯგუფი გავუშვი საწყობებში, რათა გადაემოწმებინათ ნაშთები. ისინი შესაბამისი ოქმებით დაბრუნდნენ. განზრახ არ ვასახელებ კომპანიებს, რადგან კონკურენციის სააგენტო არის მოკვლევის ეტაპზე.

სამწუხაროდ, თანამშრომლებმა საწყობებში ადგილზე ნახეს ამ მედიკამენტის ათასობით კოლოფი. ეს არის შესაბამისად აღწერილი, გადათვლილი კომპანიების თანამშრომლებთან ერთად და ოქმებითაა დადასტურებული. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმებიც, თუმცა ჯარიმაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან სწრაფად მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, დეფიციტი რეფერენტული ფასის გასაზრდელად იყო შექმნილი, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა

მსგავსი თემები