,,დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული”-კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა, რომ ეს იყო ფარსი და სიბინძურე.

„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამდენი ხნის განმავლობაში, მთელი ეს კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, მიმართული იყო საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზოგადად ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა, თუ რა სიბინძურე ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობისტებით, რაც სამწუხაროა და აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიღებული რეზოლუციები, გაკეთებული განცხადებები, იყო ფარსი. ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ. ამას ჰქვია სამწუხარო პოლიტიკა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია ის, რომ ამაში ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ამ ყველაფერში ამერიკის საელჩოს ჩართულობის შესახებ, თბილისის მერი პასუხობს, რომ გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რა კავშირშია ამერიკის საელჩო.

„დღეს, ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ „კვდებოდა“ სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ ამის უკან. ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, დაამხონ ხელისუფლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები