პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  მუშაობდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტობის პირველ წლებში ზურაბიშვილს ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და ახლა მას პრემიერთან და მთავრობასთან აქვს დაპირისპირება, რადგან „ქართული ოცნება“ ღიად ანტიდასავლური ძალა გახდა.

გარდა ამისა, ალექსანდრ კრევომ არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს პიერ-ალექსანდრე კრევოსთან.

საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა, რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება.

ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი).

ალექსანდრ კრევო 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები